ვანო მერაბიშვილი არის „ენმ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს, - ასე ეხმაურება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია „ენმ“ აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. ვანო მერაბიშვილი არის „ენმ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში. კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია “ენმ” აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად.
ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს. კიდევ ერთხელ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი“,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ მეტია ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთად”.